28 ნოემბერი 2021,   00:55
ვრცლად
დანგრეული სახლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა ჭუბერში - სტიქია ბეჩოს ხეობაში ინაცვლებს

ჭუბერის შემდეგ ბეჩოს ხეობა - სვანეთში სტიქია სულ უფრო მაშტაბური ხდება. ძლიერმა წვიმამ მდინარე დოლრაჭალის ადიდება გამოიწვია. წყალმა წაიღო ხიდები და სტიქიის მასშტაბები უკვე ბეჩოს ხეობას უტევს.

სოფელ ჭუბერში ამინდი კვლავ გაუარესებულია და სტიქიის ზონაში ისევ წვიმს. მეორე დღეა, ჭუბერში სახლები წყალს მიაქვს. უხვი ნალექის გამო მდინარეებში წყლის დონემ მოიმატა.

ნენსკრამ კალაპოტი იცვალა და მდინარე ახლა ეზოებში მოედინება. ადგილობრიები ჭუბერის სახიფათო ზონას ტოვებს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭუბერში პირადი ნივთების გარეშე დარჩა. წყალმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ყველაფერი რაც კი ხალხს ჰქონდათ. გადარჩენილი ნივთების გამოტანას დანგრევის პირას მისული სახლებიდან მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა.

სტიქიის მასშტაბი დღეს დილიდან, გუშინდელთან შედარებით გაიზარდა. კალაპოტიდან გადმოსულმა ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ გზად სახლების გარდა ხიდები და საკარმიდამო ნაკვეთებიც წაიღო. დატბორილია სოფლების გზები და ეზოები, დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი.

დღეს დილით ჭუბერში პრემიერი ჩავიდა და ადგილზე დაათვალიერა სტიქიის ზონაში შექმნილი ვითარება. მამუკა ბახტაძე საგანგებო შტაბის წევრებსაც შეხვდა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერის შეფასებით, ხიდების წაღება და სახლების დატბორვა ჭარბმა ნალექმა და ტყის უსისტემო გაჩეხვამ გამოიწვია.

მთავრობის წევრები ამ ეტაპზე ვერ ამბობენ, აღდგება დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, თუ ოჯახების გასახლება მოუწევთ.

უხვი ატმოსფერული ნალექი, წყალდიდობა, დატბორვა, მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა, ნაპირების გარეცხვა, სპეციალისტები და გეოლოგები პროცესების თანხვედრაზე საუბრობენ მდინარე ნენსკრასა და მის შენაკადებზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მდინარის დაგუბების საფრთხე აღარ არსებობს. მოსახლეობა კი მაღალი რისკის ზონებიდან გამოყვანილია.

ჭუბერში 3 სახლი დანგრეულია, 20-მდე კი დაზიანებული. მათგან ყველაზე მეტი საფრთხე დაახლოებით 10 ოჯახს ემუქრება. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე რჩებიან ასევე სამაშველო ჯგუფები და მობილიზებულია სპეციალურ ტექნიკაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები