20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
მოახლოებული ნატო-ს სამიტი - ავლაბრის რეზიდენციაში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირების შეხვედრა დასრულდა

ავლაბრის რეზიდენციაში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირები არიან შეკრებილი. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.  

შეკრებას მთავრობის ახალი მეთაური, მამუკა ბახტაძეც ესწრება.

მოახლოებული ნატო-ს სამიტის წინ პირველი განცხადება ამ თემაზე პრემიერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა შეკრებისგან დიდი მოლოდინი აქვს. პრემიერის თქმით, პირველად მოხდება, როდესაც საქართველოს და უკრაინის პირველი პირები, არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურებთან ერთად მიიღებენ სამიტში მონაწილეობას.

„საქართველო მონაწილეობს ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაში, როდესაც აღნიშნულ ფორმატებს საქართველო ესწრება და ამავე დროს ამ ფორმატს დაესწრება ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა პრემიერმა.

განმარტებები ასევე, გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მან ისაუბრა იმ განსაკუთრებულ ვითარებაზე, როდესაც საქართველო-უკრაინის პირველი პირები ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტს და მიღებენ განხილვებში მონაწილეობას თუმცა, რა ტიპის დოკუმენტი იქნება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული, იქნება თუ არა რაიმე განმარტება გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა საქართველოს მაპი ან რამე სხვა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე, სამიტის დაწყებამდე განმარტებები არ კეთდება.  

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ნატო-ში საქართველო ორივე შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი. პრეზიდენტმა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს ხაზი გაუსვა.

„ეს არის უპრეცენდენტო მიღწევა იმიტომ, რომ საქართველოს თაობაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ ნატო-ს ქვეყნის ლიდერები, ამ დონეზე იქნება შეხვედრა. ჩვენ ველით, რომ ამ შეხვედრების შედეგად, აგრეთვე, იმ ორმხრივი შეხვედრების შედეგად, რომელიც დაგეგმილია სამიტის ფარგლებში, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს პროგრესის მნიშვნელოვან აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები