20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამომძიებლების გამოკითხვა კამათის ფონზე მიმდინარეობს 

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე - კომისიის წევრები სხდომაზე კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს უსმენენ. კომისიის წევრებს გამომძიებლებთან კითხვები კვლავ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით აქვთ. 

კითხვები ეხება მოწმეების დაკითხვას, კონკრეტულად კი არასრულწლოვნებს. ირაკლი აბესაძის თქმით, არასრულწლოვნები ღამის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, რაც აბესაძის თქმით, არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების მიხედვით აკრძალულია. 

კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობდა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. კამათი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია, თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.

„ბატონი ირაკლი სახელმწიფოს წარმომადგენელს აიძულებს, კანონი დაარღვიოს,“- განაცხადა სოფო კილაძემ, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენელს მიკროფონო გამოურთო.

„დაწყნარდით, კანონის მუხლი მოძებნეთ,“- მიმართა ირაკლი აბესაძემ სოფო კილაძეს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის კითხვებმა გამომძიებლებთანაც კამათი გამოიწვია. 

„როდესაც ჩატარდა ოპერატიული გამოკითხვა, მე-19 მუხლის თანახმად, ზეპირი გასაუბრებები ჩატარდა. ოქმი სავალდებულო არ გახლავთ,“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ.

საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ისევ არ მისულა შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა. 

მან კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარუდგინა. 

შეგახსენებთ, რომ სიგუა კომისიის მხოლოდ ერთ სხდომაზე მივიდა. მეორე დღეს კი ის გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. შსს-მ განმარტა, რომ სიგუას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები