ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ, აჭარის უზენაესი საბჭოს უმრავლესობამ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. "ქართული ოცნებამ" ამ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.
რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობს. წარდგენის შემდეგ განცხადება თავად რიჟვაძემაც გააკეთა.
„მე მზად ვარ წარმოვადგინო, როგორც მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია აჭარის რეგიონში მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ეს ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელიც იქნება ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს,“-განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძემ.
კანდიდატურის დასახელების შემდეგ, კონსულტაციები პრეზიდენტთან გაიმართება, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა, დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს სწორედ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს.