აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის დასახელებას ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
„ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას, რომელიც ახლა ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობს.
ოპოზიციას კი უჭირს ვარაუდი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. მათთვის უცნობია, გაიზიარებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას, რომელთან დაკავშირებითაც საბჭოში კონსულტაციები ორ დღეს გაგრძელდა.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ აჭარის მეთაურის ცვლილება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, რადგან მას კვირიკაშვილის კლანის შეცვლა სურს.
„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ერთი კლანი შეცვალოს მეორეთი, მისი რეჟიმის პირობებში სულ ერთი არის, თუ რა პერსონა შეასრულებს მის ბრძანებებს. რაც შეეხება, მარგველაშვილის გადაწყვეტილებებს, ჩვენთვის რთულია, პრეზიდენტის გადაწყვეტილების პროგნოზირება, რადგან ის არ გამოირჩევა თანმიმდევრულობით,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია დარწმუნებულია, რომ თორნიკე რიჟვაძე შეძლებს აჭარის რეგიონის ეფექტურ მართვას.
„ეს არის კანდიდატურა, რომელსაც აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ თავისი ახალგაზრდული ენერგია, კომპეტენცია, კვალიფიკაცია ამ სიმბიოზის გათვალისწინებით, მთელი ენერგია მოახმაროს აჭარის რეგიონის განვითარებას. მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ეფექტური იქნება ბატონი თორნიკე ამ პოზიციაზე და მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი ამ ჩამოთვლილ ძალიან ობიექტურ კრიტერიუმებს გაიზიარებს და წარადგენს მას კანდიდატად,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურის დასახელებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციებს ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ დაიწყებს.