20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
რამდენი იარაღი მონაწილეობდა მკვლელობაში, არსად არ არის ეს შეკითხვა დასმული - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილის კითხვას კამათი მოჰყვა

„რამდენი იარაღი მონაწილეობდა მკვლელობაში, არსად არ არის ეს შეკითხვა დასმული,“ - ამ კითხვით ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა, შსს-ს წარმომადგენელს მიმართა.

ხათუნა გოგორიშვილმა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, შალვა ბედოიძეს სთხოვა განემარტა, რატომ არ დასვეს გამომძიებლებმა კითხვები მკვლელობის იარაღის რაოდენობასთან დაკავშირებით.

„რამდენი იარაღი მონაწილეობდა მკვლელობაში, არსად არ არის ეს შეკითხვა დასმული. გამოძიების ტაქტიკაში არ შედიოდა შესაძლო იარაღის რაოდენობის დადგენა, რატომ არსად, არც თქვენს სამსახურს, არც ზედამხედველს, ქალაქის პროკურატურას, არ აქვს დასმული ეს კონკრეტული შეკითხვები,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ხათუნა გოგორიშვილის კითხვაზე საპასუხოდ შალვა ბედოიძემ აღნიშნა, რომ ამ დეტალებზე საქმის გამომძიებელმა უნდა გასცეს პასუხი.

„მოგახსენებთ გამომძიებელი დეტალურად, თუ რამე ამოუწურავი იქნება, მერე დავამატებ... რაც შეეხება დადგენილებაში მითითებულ საკითხებს, ჩემს არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს, რომ ეს კითხვები დავსვა,“ - უპასუხა შალვა ბედოიძემ.

კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. კამათი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, ასევე გამომძიებლებთან გამოიწვია "ევროპული საქართველოს" წევრების მიერ  დასმულმა კითხვებმა, თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ისევ არ მისულა შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა. მან კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარუდგინა. 

გუშინ საგამოძიებო კომისიის წევრებმა რამდენიმე არასრულწლოვანი თვითმხილველი დაკითხეს.

დღის ამბები