ჭუბერში არსებული საგანგებო შტაბი თავდაცვის სამინისტროსგან რეგიონში დამატებითი საინჟინრო ტექნიკის შეყვანას ითხოვს. ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნა პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებას და პარლამენტის ნებართვას ითვალისწინებს. სწორედ ეს გახდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მიზეზიც.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ის ჩანაწერი, რომელი დღეს მოქმედ კონსტიტუციაში არსებობს არასწორია. მათი თქმით, როდესაც ბუნებრივი კატაკლიზმები ხდება, ასეთ ვითარებაში სწორედ თავდაცვის სამინისტროს ან მთავრობას უნდა შეეძლოს პირდაპირ გამოიყვანოს სამხედრო ტექნიკა და ამას პარლამენტის თანხმობა არ უნდა სჭირდებოდეს.
„მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომ გამოყენებულ იქნას სამხედრო ძალები, ამ შემთხვევაში სამხედრო ტექნიკაზეა ძირითადად საუბარი, სჭირდება პარლამენტის თანხმობა და ამისთვის ვიკრიბებით დღეს. დაგეთანხმებით იმაში, რომ ახალ კონსტიტუციაში ასეთი საკითხები უფრო მარტივად რეგულირდება, თუმცა მოქმედი კონსტიტუციის მეასე მუხლის თანახმად, ჩვენ დღეს უნდა შევიკრიბოთ და პრეზიდენტის ის გადაწყვეტილება, რომ გამოყენებული იქნას სამხედრო ძალები, რაც საჭირო გახდა ჭუბერში, ამაზე საუბარი იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან, საუბარი იყო თავდაცვის სამინიტროს მხრიდან და თავდაცვის მინისტრმა მიმართა წერილობით საქართველოს პრეზიდენტს და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა იქნას სამხედრო ძალები გამოყენებული. ამისთვის დღეს შევიკრიბებით,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება, პარლამენტის თანხმობა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭირო აღარ გახდება.
„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, როდესაც ქვეყანაში არის საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, რასაც რა თქმა უნდა, პარლამენტის ნებართვა სჭირდება, მაგრამ მეორე არის, როდესაც ბუნებრივი კატაკლიზმების, სტიქიის გამო, გარკვეული ტექნიკის ან ადამიანური ძალის გამოყენება არის საჭირო, რასაც არ უნდა სჭირდებოდეს ამ დონის ნებართვების გაცემა უმაღლესი პოლიტიკური ორგანოსგან, ეს უკვე გამიჯნული კონსტიტუციაში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.