6 წელზე მეტია ფოთი ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულებას ელოდება. სტადიონი 28 აპრილს ოფიციალურად უნდა გახსნილიყო, თუმცა გახსნის თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია. ამით კი პირველ რიგში ზარალდება გულშემატკივარი და კლუბი, რომელიც ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო ადგილზეა.
გაფლანგულ მილიონებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დათო ხომერიკი დარწმუნებულია, რომ მშენებარე კომპანია ახალ კიდევ ერთხელ გადაწეულ ვადებშიც ვერ მოახერხებს სტადიონის ჩაბარებას.
მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს დარჩენილი სამუშაოების სიმრავლე ფოთის მერიაში დარწმუნებული არიან, რომ სტადიონი 28 აგვისტოს ექსპლუატაციაში შევა.
ეროვნული ლიგის გათამაშება 3 აგვისტოს განახლდება და საუკეთესო ვარიანტშიც საწყის ორ ტურს ფოთის კოლხეთი ისევ ან ზესტაფონში, ქობულეთსა და ლანჩხუთში გამართავს. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი კლუბისთვის კი ეს უდიდესი დარტყმაა.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.