ახალ წელს ერთად ვერ შეხვდნენ, თუმცა სადღესასწაულო განწყობა ერთმანეთს ტელეფონით გაუცვალეს. პატიმარმა ქალიშვილს ის საჩუქარიც გაუგზავნა, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის, ციხის სახელოსნოში საკუთარი ხელით დაამზადა.
ნაძვის ხის სათამაშოები, ხისგან დამზადებული საახალწლო დეკორაციები, ნახატები - ეს ყველაფერი, რუსთავის #16 დაწესებულებაში შეიქმნა. "კურიერის" კამერამ მსჯავრდებული მხატვრის ნამუშევრებიც გადაიღო. კეთილი ანგელოზები, პატიმარმა ოჯახს შობა-ახალი წლის მისალოცად დაუხატა. ტილოზე ყველა ანგელოზს თავისი სათქმელი აქვს.
მხატვარი ხატავდა, გვერდით სახელოსნოში კი საჩუქრები სპეციალურად "რუსთავი 2-სთვის" მზადდებოდა.
"კურიერი" მუსიკოს პატიმრებთან, ციხეში მოწყობილ სტუდიაშიც შევიდა. იქ საახალწლო განწყობა ყველაზე მეტად იგრძნობა. რეპერტუარი მრავალფეროვანია.
#16 დაწესებულების პატიმრებს სხვა ციხეში მყოფი მსჯავრდებულებიც არ დავიწყებიათ. ამ სივრცეში კულინარიის კურსებს გადიან და აქვე საახალწლო ტკბილეულიც მოამზადეს, რომელიც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაუგზავნეს.
ქალთა ციხე - საახალწლო განწყობა "კურიერმა" #5-ე დაწესებულებაშიც გადაიღო. ახლობლებისთვის აქაც უამრავი საჩუქარი დამზადდა. ბისერებით, ხით და ეპოქსიდით შექმნილი ნივთები ადრესატებთან უკვე მივიდა. პატიმარმა ქალებმა სადღესასწაულო კოსტიუმები, რომელსაც საშობაო საღამოსთვის მოირგებენ, საკუთარი ხელით შეკერეს.
ახალი წლის დღეებში, ქალი პატიმრების განწყობაზე, ციხეში სტუმრად შესულმა მუსიკოსებმაც იზრუნეს.
იყო განსაკუთრებული ნომრები, რომლებმაც მსჯავრდებულის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ციხის ბიბლიოთეკაში კი, პატიმრებმა საახალწლო სურვილები დაწერეს და ოჯახის წევრებს გაუგზავნეს.
ქართული ცეკვით და სიმღერით, საახალწლო სპექტაკლით, პატიმარი ქალები სცენას რამდენიმე დღეში დაიკავებენ.