ხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკელი ტურისტები შესაძლოა მოკლულები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "Reg Info" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიდანვე განაცხადა, რომ ძალადობის კვალი ცხედრებს არ აღენიშნებოდათ, მაგრამ ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ როდესაც მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მას ტანზე არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა ქალზე ძალადობის მცდელობას, რასაც მან და მისმა მეუღლემ წინააღმდეგობა გაუწიეს და სწორედ ამას შეეწირნენ. ამ დრომდე ვერ ხერხდება მათი 4 წლის შვილის პოვნა, რომელიც მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
ამ დროისთვის გამოკითხვაზეა გადაყვანილი 19 წლის მწყემსი, რომელმაც ოჯახი ხეობამდე მიაცილა.
„როგორც ადგილობრივებმა მითხრეს ამერიკის მოქალაქეების რაიან და ლორა სმიტები თავის 4 წლის შვილთან ერთად დაბანაკებულები იყვნენ სოფელ წკერესთან ახლოს. ახლოს, ხადას წყლის ხევზე არის გადასასვლელი ხიდი და ამ ხიდთან ჰქონიათ კარავი გაშლილი და როდესაც ისინი მიდიოდნენ ჩანჩქერისკენ მიაცილებდა ერთ-ერთი მწყემსი, რომელიც არ არის ადგილობრივი მცხოვრები. როდესაც ძებნა დაიწყო უთხრეს ადგილობრივებმა ეს პოლიციას. მე როგორც ვიცი გადამოწმებული მაქვს ეს ინფორმაცია, ეს მწყემსი არის გადაყვანილი პოლიციაში დაკითხვაზე. რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ადგილობრივებისგან ვიცი რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქალის მიმართ ძალადობას, რასაც მისი მეუღლე შეეწინააღმდეგა და ამას მოჰყვა მკვლელობა. ასევე დამიდასტურეს ადგილობრივებმა, რომ მამაკაცს აღენიშნება სხეულის დაზიანებები არადა გუშინ შსს თავის ოფიციალურ განცხადებაში წერდა, რომ პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა,“-განაცხადა Reg Info-ს რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.