რესტორან ”ამრას” ერთ-ერთი მეწილე თამარ გოგიშვილი თავის პარტნიორს, იოსებ შენგელიას რესტორნის მითვისებაში ადანაშაულებს.
გოგიშვილის მტკიცებით, შენგელია თავისი მეუღლის, პროკურორ ია დარჯანიას გავლენით სარგებლობს და ქონების მითვისებაც მისი დახმარებით შეძლო.
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერების მიხედვით რესტორნის მმართველი კომპანიის "ამრა პლიუსის" წილები არ შეცვლილა, 45%-ს ისევ თამარ გოგიშვილი ფლობს და პროკურორის მეუღლეს იოსებ შენგელიასაც ძველებურად ისევ 55% ეკუთვნის.
თამარ გოგიშვილი ამტკიცებს, რომ პროკურორის მეუღლემ მისგან მალულად ფართის ქირავნობის ხელშეკრულება თავის საკუთარ კომპანიაზე “შპს გლდანზე” გადაიტანა, სადაც ის უკვე ერთადერთი მმართველია და ამ გზით რესტორნის ოპერირება და შემოსავლები ერთპიროვნულად პროკურორის ოჯახმა ჩაიგდო ხელში. თამარ გოგიშვილის თქმით, რესტორანში ისევ მათი კომპანიის "ამრა პლიუსის" ინვენტარი დგას და ინტერიერში გამოფენილი ბევრი ნივთი მისი და მისი მეუღლის გურამ კიკნაძის პირადი საკუთრებაა.
მიითვისა თუ არა პროკურორის მეუღლემ რესტორანი "ამრა," ამ კითხვაზე იოსებ შენგელიამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მისი ადვოკატი ვახტანგ ნაყოფია კი აცხადებს, რომ შპს "ამრა პლიუსს" არასაკმარისი შემოსავლების გამო ვალები დაუგროვდა, თამარ გოგიშვილი და მის მეუღლე წერილობით იყვნენ ინფორმირებულები, რომ ფართის მესაკუთრე კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა, მაგრამ ამ ვალის გადახდა არ უნდოდათ და სწორედ ამიტომ ჩაანაცვლა იოსებ შენგელიამ მათი საერთო კომპანია საკუთარი კომპანიით.