თემირლან მაჩალიკაშვილების ოჯახის ბრალდებებთან დაკავშირებით არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
საქმე ეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ "შაბათის კურიერში" გაკეთებულ განცხადებას, რომ მას კონსპირაციულად შს მინისტრთან შეხვედრას სთავაზობდნენ, სადაც მისი ლიკვიდაცია ან დაკავება უნდა მომხდარიყო.
არსებულ კითხვებზე პასუხებს საგამოძიებო უწყებებისგან ითხოვს ოპოზიცია.
„ყველა ამგვარი ტიპის ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს აუცილებლად სამართალდამცავი სისტემის მხრიდან და საზოგადოებისთვის დამაჯერებელი პასუხები უნდა იქნას გაცემული. ეს პასუხები უნდა გაგვცეს შს სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა.
როდესაც ასეთი ტიპის ბრალდებები ჟღერდება, ცხადია ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები,“-განაცხადა ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
„ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რაზე დაყრდნობით საუბრობენ და ვისთან რა პრეტენზიებია მე ამაზე ინფორმირებული არ ვარ, ასე რომ გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება,“-აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი.