20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაზრდა - ცვლილებას კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაზრდასთან დაკავშირებულ ცვლილებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს.

ცვლილება მისი დამტკიცების შემთხვევაში არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

ცვლილებები საკანონმდებლო პროცესის დახვეწასაც გულისხმობს, მათ შორის შეიზღუდება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარლამენტი მთავრობის კონტროლის თვალსაზრისით გარკვეულ ფუნქციებს შეიძენს.

„ეს ეხება ინტერპრეტაციის მექანიზმის კითხვით მიმართვით მექანიზმს. ეს ეხება დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნას, მინისტრის საათის შემოღებას,“- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეფასებით კი, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მინისტრების გამოცხადება რეგლამენტით უზრუნველყოფილი იყოს.

„ის, რომ დღეს არსებული მექანიზმით, ფრაქციების წინაშე უნდა გამოცხადნენ, რასაც არ ასრულებენ და არღვევენ რეგლამენტს, ამის გამოსწორების გზა ის კი არ არის, რომ ფრაქციების წინაშე გამოცხადების ვალდებულება აღარ ჰქონდეთ, არამედ ის, რომ უზრუნველყონ მათი გამოცხადება და ანგარიშვალდებულება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

 

დღის ამბები