„ნაციონალური მოძრაობა" პროექტის - „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" ფარგლებში გარანტიის სერტიფიკატების გადაცემას განაგრძობს. ოპოზიციური პარტიის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ახალციხეში ლონდარიძეების ოჯახში იმყოფებოდა, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. ლონდარიძეებს გარანტიის სერტიფიკატი გადაეცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება ორ მილიარდნახევრიანი სახელმწიფო ფონდი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაზარალებულ ოჯახებს ზიანი აუნაზღაურდებათ.
„როგორც კი „ოცნების“ მატყუარა ხელისუფლებას გავისტუმრებთ სახლებში, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ, ხალხმა მიიღოს მყისიერი ბიძგი, რომ გამოვიდნენ გაჭირვებიდან, გამოვიყვანოთ ხალხი სიღარიბიდან, დავეხმაროთ მათ გადამზადებასა და ახალი სამუშაო ადგილების მოძიებაში, დამთავრდა დაპირებისა და ფუჭი ტყუილი საუბრების დრო. ხალხს სჭირდება კონკრეტული გარანტია, რომ „ოცნების“ დამთავრებისთანავე, იქნება ბიძგი, წინსვლა და განვითარება,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მრავალშვილიანი ოჯახი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება და დახმარებას ითხოვს.
„ოთხი შვილის დედა ვარ, მოხსნილი მაქვს სოციალური დახმარება. სასაცილოდ ამიგდეს, როცა მივედი სობესში მილიონჯერ. სულ თქვენ უნდა მოხვიდეთო და შეგვაწუხოთო?10-10 ლარი ძლივს დამინიშნეს ოთხ შვილზე, არანაირი სხვა დახმარება არ მაქვს. ამ ოჯახში 7 სული ვცხოვრობთ მამაჩემის 180 ლარ პენსიასა და 40 ლარზე, მეტირება,“- განაცხადა ლონდარიძემ.