„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა საზოგადოებას მთავრობის დადგენილება გააცნო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების გაზრდას და გაორმაგებას ეხება. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან დადებითად შეაფასა ომის მონაწილეებისთვის დახმარების გაზრდა, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებაში არ არის საუბარი იმ ვეტერანებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
დავით ბაქრაძე მთავრობისგან ითხოვს, რომ აღნიშნული საკითხი გამოსწორდეს.
„მიუღებელი და ცუდია, როდესაც მთავრობა ყოფს ვეტერანებს და დახმარებას უზრდის მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ამავე დროს არაფერს აკეთებს იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ იბრძოდა საქართველოში, აფხაზეთში, ცხინვალში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათ დამსახურებულად ეკუთვნით მეტი და უკეთესი სოციალური დაცვა, მაგრამ უმძიმეს პოლიტიკურ და ადამიანურ შეცდომად მიმაჩნია საქართველოს დასაცავად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წარმოებული ომის ვეტერანების უგულებელყოფა ასეთი ტიპის დადგენილებაში. ჩვენი მთავრობის ლოგიკის მიხედვით გამოდის, რომ თუ გერმანელებს ებრძოდი კურსში, საკმარისი დამსახურება გაქვს იმისთვის, რომ დამსახურება გაგიორმაგდეს, ხოლო თუ რუსებს ებრძოდი სოხუმში, შენი ღვაწლი არაფრად მიიჩნევა და დახმარება არ გაგეზრდება. ეს არის მიუღებელი,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.