"10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ - საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ასამბლეა დოკუმენტის პროექტს ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს.
რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ასახავს და ის რუსეთის მიმართ კრიტიკულია.
„დიდი შანსია, რომ პლენარულ სხდომაზე იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეზოლუცია იქნება მიღებული,“-აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი.
ქართველი პოლიტიკოსები ეუთოს მხარდაჭერას მნიშვნელოვნად თვლიან.
„კომიტეტში მხარი დაუჭირა რეზოლუციას უმრავლესობამ. 45-მა დელეგაციამ, რეალურად წინააღმდეგი ამ რეზოლუციის იყო მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. შემდეგი ეტაპი არის უკვე პლენარულ სესიაზე რეზოლუციის განხილვა და მე მოლოდინი მაქვს, რომ დიდი მხარდაჭერით ჩვენი რეზოლუცია დამტკიცდება,"-აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოფო ქაცარავა.