არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნატოს სამიტისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან. 49 არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს რამდენიმე დღის წინ ღია წერილითაც მიმართა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატოში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ცალსახად მნიშვნელოვანია, ნატოსგან დადასტურება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
“რუსული პროპაგანდის პირობებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ღია და ცალსახა დემონსტრირება იმისი, რომ მხოლოდ საქართველოს მისწრაფება არ არის ნატოში ინტეგრაცია და ეს არის თანმხვედრი პროცესი“- აცხადებს "საიას" თავმჯდომარე სულხან სალაძე.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია თვლის, რომ სამიტისგან საქართველომ სამი ძირითადი გზავნილი უნდა მიიღოს.
პირველ რიგში ეს იქნება ნატოს მზაობა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ასევე ცალსახა გზა, თუ როგორ, რა გზით გახდება საქართველო ნატოს წევრი და ასევე როგორ გაიზრდება საქართველოში ნატოს ყოფნა, ვიდრე ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება.
"რა ფორმით გაიზრდება საქართველოში ნატოს ყოფნა, იმისთვის, რომ სანამ ჩვენა ამ ორგანიზაციის წევრები გავხდებით შევაჩეროთ ის საფრთხეები, რაც მოდის რუსეთის ფედერაციიდან“- აცხადებს ბათუ ქუთელია,.