ეთიკის კოდექსი დეპუტატებისთვის, ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის - მმართველი გუნდის დეპუტატი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ეთიკური სტანდარტების დადგენა პარლამენტარების მხრიდან დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეამცირებს.
მისივე თქმით, გაკონტროლდება დეპუტატების მხრიდან თანამდებობრივი მდგომარების უკანონოდ გამოყენება.
„მე ვხედავ საჭიროებას არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ ჟურნალისტებსაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც და ყველას სჭირდება, საზოგადოებას საერთოდ სჭირდება ეთიკური სტანდარტები.
სხვადასხვა დისკრიმინაციული გამონათქვამები არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, არ უნდა იყოს დისციპლინის დარღვევა, რომელიც კანონში არ არის, მაგრამ პარლამენტისგან მოითხოვს საზოგადოება. არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი, გამოყენება საკუთარი მდგომარეობის, ოჯახის წევრის ან ვინმეს სასარგებლოდ. ლობისტების მუშაობა უნდა იყოს დარეგულირებული,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
განსხვავებული დამოკიდებულება აქვს დეპუტატთა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით, ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების" თავმჯდომარეს. გია ჟორჟოლიანი ეთიკის კოდექსს მხარს არ უჭერს.
„მე მგონია, რომ საპროცედურო კომიტეტი, არეგულირებს პროცედურებს, რომელიც პარლამენტში წარმოიქმნება, დანარჩენი დარეგულირებული უნდა იყოს კანონმდებლობით. ამ ეტაპზე ასევ ვფიქრობ. ბევრი თვლის ასე და ამიტომაც პარლამენტმა არ მიიღო. რა არგუმენტაცია იქნება ამაზე მერე ვილაპარაკოთ,“-აცხადებს ჟორჟოლიანი.