20 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
განათლებისა და კულტურის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი განიხილება - მინისტრის მოადგილისა და მმართველი გუნდის შეფასება

მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს მმართველი გუნდისა და მთავრობის წევრები ეხმაურებიან. განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური განათლების მინისტრის სავარაუდო კანდიდატზე საუბრობს. მისი თქმით, სამინისტროსთვის მომავალზე ორიენტირებული ლიდერია საჭირო.

მან კომენტარი სავარაუდო კანდიდატზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორ მიხეილ ბატიაშვილზე გააკეთა. ლია გიგაურის თქმით, ბატიაშვილს არ იცნობს და არ აქვს ინფორმაცია თუ რა ტიპის ცვლილებები განხორციელდება.

„განათლების სისტემა არის ყველაზე უფრო კომპლექსური მიდგომის საჭიროების მქონე სისტემა, ამიტომ ჩვენს სისტემას ყოველთვის სჭირდება ლიდერი, რომელიც მომავალზე არის ორიენტირებული,“- განაცხადა ლია გიგაურმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატზე მიხეილ ბატიაშვილზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას იცნობს და დადებითად ახასიათებს.

„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მარიამ ჯაში ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ორი დღე რჩება, პოზიციების შეჯერების შემდეგ გაგიზიარებთ მოსაზრებას. მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს. ეს არის ადამიანი, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის რექტორი. თუ ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვლება მისი დადებითი შეფასება, მე პირადად ვმუშაობ კვლევაზე იმ უნივერსიტეტში, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი მიხეილი. პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა ვერ დაგიდასტურებთ კანდიდატთა დაკავშირებულ განხილვებს,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები