20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ჭადრაკის დაფაზე პაიკის ადგილი - ოპოზიცია მინისტრების მოსალოდნელ ცვლილებებს აფასებს

მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ცვლილებები ფასადური იქნება, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ბიძინა ივანიშვილია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, მთავრობას არა პრემიერ-მინისტრი, არამედ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მართავს.

„არ არიან ესენი პრემიერ-მინისტრების კადრები. ყველა ადამიანი, ვინც ინიშნება, უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, ვალდებული, ან „ქართუში“ უნდა მუშაობდეს, ან სხვა ფორმით უნდა იყოს დავალდებულებული, ან ოჯახთან უნდა იყოს კავშირში, მთავარი ნიშანი არის პირადი ერთგულება, მორჩილება და შიში, თუნდაც, შიში იმისა, რომ ყველა მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი კარგად ხედავს, რა მოუვიდა კვირიკაშვილს, რა მოუვიდა ღარიბაშვილს, როგორც გაანადგურეს მათი გუნდი, ბიზნესებამდე დავიდნენ და არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს პოლიტიკური წმენდა. ყველამ იცის საკუთარი ადგილი - ჭადრაკის დაფაზე პაიკის ადგილი, რომელიც ნუ ოცნებობს ლაზიერად გასვლაში. იყო პაიკი, დარჩება პაიკად,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

განცხადებას აკეთებენ "ევროპულ საქართველოშიც". ოპოზიციის წევრების თქმით, მამუკა ბახტაძე მხოლოდ ეკონომიკური გუნდის პრემიერი იქნება, რადგან ძალოვან უწყებებთან დაკავშირებით მას ცვლილებების უფლებებს ივანიშვილი არ მისცემს.

„ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს თავის ტრადიციული მართვას. მართვის სისტემა რჩება იგივე, როდესაც პრემიერ-მინისტრი არის არა მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ლიდერი, არამედ რომელიღაც ერთი მიმართულების, ბლოკის. ღარიბაშვილი იყო მხოლოდ ძალოვანების მინისტრი, ბლიკის მენეჯერი, კვირიკაშვილი იყო ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაში ბახტაძეც არის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელი და მეტი არაფერი. მართვის სადავეები და ძირითადი მართვა არის ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები