20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ამერიკელებო, დააფასეთ თქვენი მოკავშირეები, რადგან ბევრი არ გყავთ - დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს მიმართავს.  მკაცრი და კრიტიკული განცხადება დონალდ ტუსკმა ნატო-ს სამიტამდე ერთი დღით ადრე ბრიუსელში გააკეთა. ტუსკის თქმით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს უნდა გაიხსენოს, თუ ვინ არის ამერიკის ნამდვილი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი.

„ნატო-ს სამიტის წინ მინდა პირდაპირ მივმართო პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც დიდი ხანია და თითქმის, ყოველდღიურად აკრიტიკებს ევროპას, მისივე შეფასებით, არასაკმარისი წვლილის შეტანისთვის საერთო თავდაცვის შესაძლებლობისთვის. ბატონო პრეზიდენტო, ამერიკას არ ჰყავს და არც ეყოლება ევროპაზე უკეთესი პარტნიორი. ევროპა თავდაცვაში უფრო ბევრ ფულს ხარჯავს, ვიდრე რუსეთი და იმდენს რამდენსაც ჩინეთი. ეჭვი არ გვეპარება, ალბათ, იმაში, რომ ეს არის ინვესტიცია აშშ-ს და ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოებაში. მინდა ორი რამ ვთქვა ამერიკელებო, დააფასეთ თქვენი მოკავშირეები, რადგან ბევრი არ გყავთ, ევროპელებო თქვენ კი გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები, რადგან ყველა ელის, რომ თავისი მოკავშირე კარგად მომზადებული და აღჭურვილია. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ სოლიდარობა უფრო მნიშვნელოვანია. ამერიკის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მარტო იცავს ევროპას მტრისგან და ამ ბრძოლაშიც მარტოა. მაგრამ ევროპა პირველი იყო, რომელიც სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გამოეხმაურა აშშ-ის მოწოდებას, ევროპელი ჯარისკაცები იბრძოდნენ ამერიკელების მხარდამხარ ავღანეთში. ბატონო პრეზიდენტო, გაიხსენეთ ეს ყველაფერი ხვალისთვის, როდესაც ნატო-ს სამიტზე შევხვდებით და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდებით ჰელსინკიში, ყოველთვის ღირს იცოდე, ვინ არის შენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ნატო-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას საკმაოდ კრიტიკული წერილები გაუგზავნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ქვეყნები არ ხარჯავენ თავდაცვაზე საკმაო თანხებს. ტრამპი უკმაყოფილოა იმით, თუ რამდენი იხარჯება ნატო-ს წევრ ქვეყნებში თავდაცვაზე.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ერთგული რჩება.

„ახალი დეკლარაცია აჩვენებს, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი თანამშრომლობა უფრო განვამტკიცოთ და გავაღრმავოთ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, როდესაც ვითარება რთული და გაურკვეველია, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ჩვენ სწორედ ამას გავაკეთებთ დღესაც, ევროპა უსაფრთხოებაზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს თავდაცვის ხარჯების კუთხით, რაც დასაფასებელია, ნატო კი ერთგული რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს სამიტი ხვალ გაიმართება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ის ნატო-ს შტაბბინაში მივა და სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთანაც.

დღის ამბები