20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ნატოს სამიტი იხსნება - ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ დოკუმენტში საუბარი საქართველოზეც იქნება

ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იხსნება. ორდღიანი შეხვედრის ბოლოს ნატოს წევრი ქვეყნები კომუნიკეს მიიღებენ, სადაც საქართველოზეც იქნება საუბარი. გარდა ამისა, საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს სამიტის ფარგლებში ცალკე განცხადება გაკეთდება. ხვალ საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა გაიმართება.

ქართული მხარე სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას კონკრეტული წინადადების წარდგენას აპირებს. ქართულ დელეგაციასთან ერთად ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. 

"პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს რომ ყოველდღიურად ავამაღლოთ ჩვენი მზადყოფნა, როგორც თავდაცვის, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, რათა შევქმნათ მყარი საფუძველი ამ კონსენსუსის ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ნატოს წევრ ქვეყნებს შორის,"-აცხადებს ლევან იზორია.

შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივებზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და აცხადებს, რომ ამ პროცესში დიდი როლი სწორედ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს აკისრია.

"ის თუ კონკრეტულად რა შედეგები იქნება შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბუნებრივია ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ კონსენსუსზე თავად ალიანსში,"-აცხადებს თენგის ფხალაძე.

ქართული მხარე ამბობს, რომ საინტერესო იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე დაგეგმილი დისკუსია, ამ თემაზე საუბრისას საქართველოს წარმომადგენლობა მონაწილეობას მიიღებს.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, მთავარია რომ საქართველომ ალიანსთან ერთად შრომატევადი სამუშაო გაწია, რაც უნდა აისახოს დასკვნით დოკუმენტში.

„ჩვენ იმედი გვაქვს რომ ალიანსის დასკვნით დოკუმენტებში იქნება ჩადებული კონკრეტული მიმართულებები, თუ რა სფეროებში მოხდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში,“-აცხადებს მაისურაძე.

 

 

.

დღის ამბები