მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ შაბათს იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. გიორგი კახიანის თქმით იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა ნაწილი იმყოფება ნატოს სამიტზე, მათ დაბრუნებამდე შესაბამისი პროცედურები მთავრობის დასამტკიცებლად ვერ დაიწყება.
„გამომდინარე იქიდან, რომ არის ნატოს სამიტი და ზოგიერთი მინისტრი იქ იმყოფება, ბუნებრივია უნდა დაველოდოთ სამიტის დასრულებას. ეს სამიტი დასრულდება 13-ში, ამიტომ 14 რიცხვიდან მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დავიწყებთ შესაბამის პროცედურებს. 14 -ში ეს იქნება პირველ რიგში საკომიტეტო განხილვები. შემდგომ იქნება პოლიტიკური ნაწილი, მთავრობის ახალი შემადგენლობის შეხვედრა ოპოზიციურ ფრაქციებთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და უკვე შაბათს დილის 12:00 საათიდან ჩვენ შევიკრიბებით ქუთაისში, პლენარულ სხდომათა დარბაზში და უკვე პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.