მმართველი გუნდი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაციებისთვის ემზადება. „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის წევრებმა უკვე დაიწყეს შეკრება.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ცოტა ხანში, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. არ არის გამორიცხული, პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საბოლოო პოზიციების შეჯერება მოხდება.
„მინისტრი, რომელიც უხელმძღვანელებს გაერთიანებულ უწყებას, მასთან მექნება კონსულტაცია, რომ კულტურის სფერო დარჩეს უპირატეს დარგად და პირველი მოადგილის სტატუსი მიენიჭოს კულტურის დარგის კურატორ მოადგილეს. რაც შეეხება უახლოეს ნაბიჯებს და პრიორიტეტულ ნაბიჯებს, ბუნებრივია, ეს იქნება სახელოვნებო და სპორტული განათლების ინტეგრაციის პარალელურად, ხარისხის გაუმჯობესება ამ ორი მიმართულებით. ზუსტი მეცნიერებების და საბუნებისმეტყველო თემის მიმართულებებით მნიშვნელოვანი რეფორმების შემოტანა და მაქსიმალური აქცენტი ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე სასწავლო პროცესში,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის კანდიდატურების წარდგენა პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა და სწორედ მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს მიმდინარე პროცესებს.
„ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ პროცესს უშუალოდ მართავს საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე. ვინაიდან, მისი უშუალო უფლებამოსილებაა მთავრობის კანდიდატურების წარდგენა. დღეს იქნება პოლიტ საბჭოს სხდომა და ამ პოლიტ საბჭოს სხდომაზე მოხდება უკვე საბოლოო პოზიციების შეჯერება და ვფიქრობ, დღეს ან ხვალ უშუალოდ პრემიერ მინისტრი წარუდგენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ პირებს, ვინც შეიძლება წარდგენილი იქნას საქართველოს მთავრობაში,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობილია, რომ ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს შეეხება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრი "ჯეოსელის" ყოფილი ფინანსური დირექტორი ვანო მაჭავარიანი იქნება, ეკონომიკის მინისტრად მაკენზის ანალიტიკოსი, გიორგი ქობულია განიხილება, განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტს კი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.
რაც შეეხება ძალოვანი უწყების პირველ პირებს, ძალოვანი უწყების პირველი პირები მინისტრთა ახალ კაბინეტში არ შეიცვლებიან და დარჩებიან ისინი, ვინც აქამდე მუშაობდა წლების განმავლობაში.