დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კანდიდატს მხარს არასაპარლამენტო ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
ისინი „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამპუნქტიანი მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურნენ.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ღიად განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ პროდასავლური ოპოზიციური პარტიის კანდიდატს.
„ჩვენ ამ ბრძოლაში გვყავს საერთო მოწინააღმდეგე, ეს არის „ქართული ოცნება“. ხოლო ოპოზიციური პარტიები არიან ჩვენი კონკურენტი პარტიები, რომლებთანაც გვექნება თანამშრომლობა და რასაკვირველია, დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ დარჩეს „ქართული ოცნების“ ხელში და ამიტომ მეორე ტურში ჩვენ დავუჭერთ მხარს ხალხის მიერ არჩეულ კანდიდატს, რომელიც იქნება დასავლური ოპოზიციური სპექტრიდან,“-განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ.
„ლეიბორისტულ პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ მოქმედი ხელისუფლების დამარცხებას მხოლოდ შალვა ნათელაშვილი შეძლებს. „ლეიბორისტები“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ მათი პარტიის თავმჯდომარეს მხარი დაუჭირონ და ნათელაშვილი იყოს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.
„აუცილებელია ერთობა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს ერთობა საჭირო არის საერთო სახალხო აქციებისთვის, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმს, საქართველო - ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ლოზუნგით და შესაძლებელი იქნება ამ შემთხვევაში ამ რეჟიმის დამარცხება. სხვაგვარად, რა რეფერენდუმებიც თუ მემორანდუმებიც არ უნდა ვაფორმოთ, ერთმანეთის ხელში გამოჩნდება უბრალოდ სასაცილოდ. შეთანხმება უნდა მოხდეს არა მეორე ტურზე, არამედ ერთიან კანდიდატზე პირველივე ტურში, რომელიც იქნება მებრძოლი, ქარიზმატული, გამოცდილი. ასეთად მიგვაჩნია სწორედ შალვა ნათელაშვილი,“-განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.
„დემოკრატიულ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ შემადგენლობას არჩევნების მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ.
„ევროპულმა სახალხო პარტიამ“ ან კარგად არ იცის საქართველოში არსებული სპეციფიკა, ან მაშინ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს დაეხმაროს „ნაციონალური მოძრაობის“ და ორივე ფრთის მეშვეობით. იმიტომ, რომ ის რაც ახლა გაცხადდა, ეს სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. იმიტომ, რომ მეორდება იგივე სცენარი, რა სცენარიც იყო ადრე ყველა წინა არჩევნების დროს, რაც ძალიან წარმატებულად გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა. ანუ ის ხალხს ეუბნებოდა, რომ თუ არ მისცემთ ხმას ჩემს პარტიას და ჩემს კანდიდატს, მაშინ მოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი. მე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არ დავუჭერ არავითარ შემთხვევაში მხარს, რაც არ უნდა არ მომწონდეს ბიძინა ივანიშვილი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ეხება ჩემს თანაპარტიელებს, ჩემს თანაგუნდელებს და ძალიან ბევრი იქნება ასეთი ადამიანი საქართველოში,“- განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ”ევროპული საქართველომ” და ”ერთიანმა ნაციონალურ მოძრაობამ”, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამპუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს.