მთავრობის შეცვლილი შემადგენლობა და მინისტრობის კანდიდატები - საპარლამენტო უმრავლესობაში პრემიერის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებმა თავიანთი გამოცდილება ახლა პოლიტიკურ სფეროში უნდა გადაიტანონ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციას პასუხობენ და აცხადებენ, რომ ბუნებრივი პროცესია, როდესაც პოლიტიკაში ბიზნესიდან ხვდებიან.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მინისტრთა კანდიდატებთან დაკავშირებით პრემიერმა სწორი არჩევანი გააკეთა.
„გვაინტერესებს ის, თუ რა გამოცდილებას მოახმარენ ის პირები, რომლებიც დასახელებულები იყვნენ მინისტრობის კანდიდატად, რა გამოცდილებას მოახმარენ ჩვენს ქვეყანას და ამ პროექტების განხორციელებას,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
პრემიერის გადაწყვეტილებას, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად დავით ზალკალიანის დასახელებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დადებითაც აფასებს და დარწმუნებულია, რომ დავით ზალკალიანი საგარეო გამოწვევებს გაუმკლავდება.
„საგარეო მიმართულება ნამდვილად არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეეხება, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციას, ისე ნატო-ს მიმართულებას, ისე ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის აშშ,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
სამთავრობო ცვლილებებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს. ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანია წარდგენილი, მიხეილ ბატიაშვილი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დაასახელეს.