„პირველი სამიტი ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიც განსაკუთრებული შეთავაზების გარეშე სრულდება,“- ასეთია ოპოზიციის შეფასება, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინები გაჩნდა, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე პროცესი ერთ ადგილზეა გაყინული.
„სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებდნენ ხელისუფლების მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირები, რომ საქართველოს მაპი არ სჭირდება. რატომ არ შეიგნო ამ ხალხმა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს ორგანიზაცია არის ანგლოსაქსურ სამართლებრივ აზროვნებაზე დაფუძნებული ალიანსი და თუ 1999 წელს ვაშინგტონის სამიტზე ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება , რომ ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება ვერც ერთი სუვერენული ქვეყანა თუ ის არ გაივლის მაპის ეტაპს. ეს დადასტურებული იყო ბოლოს წინა სამიტზე ვარშავაში და კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს დღეს. ამიტომ ნუ ველოდებით სასწაულს. სასწაული არ მოხდება. ის რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ჩვენმა კაბინეტმა გააკეთა. ამის შემდეგ ერთი ნაბიჯით არ წავწეულვართ წინ თუ არ ჩავთვლით ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც ძალიან პოზიტიური არის, სადაც მაპის ძალიან ბევრი ელემენტი არის. მაგრამ მას კარდინალურ ხარისხობრივ ნახტომს ვერ ვაღწევთ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველო“ კი ხელისუფლებას მოუწოდებს ჩამოყალიბდეს, რა გზით სურს ნატოში გაწევრიანება - ეს იქნება მაპით თუ მის გარეშე. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ უნდა გადადგას მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები.
„პრობლემა შექმნა საქართველოს მხრიდან გაურკვეველმა დამოკიდებულებამ. ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა დროს, რომ თან გვინდა მაპი და თან მაპი აღარ გვინდა და ისეც შეიძლება იყო გაწევრიანება. ეს არის ჩემი აზრით არასწორი კომუნიკაცია, რამაც მათშორის ამანაც განაპირობა ეს შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. თუ საქართველოს უნდა, რომ გახდეს ნატოს წევრი მაპის გარეშე მაშინ უნდა იბრძოლოს ამისთვის. თუ უნდა, რომ გახდეს წევრი მაპით მაშინ უნდა იყოს ორიენტირებული ამ კონკრეტულ გზავნილზე. და ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილი სამწუხაროდ ხშირად ერთად ისმის ხოლმე, მათშორის ამ დეკლარაციაშიც ეს ჩანს,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ნატოს სამიტი დღეს დასრულდა. საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გამოითქვა დაპირება, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება, თუმცა არაფერი თქმულა უახლოეს პერიოდში საქართველოსთვის მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით.