პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა მხოლოდ მთავრობის ახალ სახეებთან ერთად წარადგინა. განახლებულ მთავრობაში რვა ძველი და სამი ახალი მინისტრი იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს ბახტაძე მოსკოვიდან ჩამოსულ გიორგი ქობულიას აბარებს. ქობულია რუსეთში 2001 წლიდან ცხოვრობს და უკვე 17 წელია, ნავთობის აქტივებით ვაჭრობს. ქვეყნის ფინანსებს „ჯეოსელის“ ყოფილ კომერციულ დირექტორს - ვანო მაჭავარიანს აბარებენ. განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და სპორტს კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს - მიხეილ ბატიაშვილს.
ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი დაასახელა.
იგეგმება თუ არა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები, დღეს შეკითხვებისთვის მინისტრობის კანდიდატებს პასუხი არ გაუციათ. პრემიერთან ერთად საგანგებო ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა სოფლებს და მუნიციპალიტეტებს აქვთ და მთავრობა სიღარიბის დაძლევისთვის იმუშავებს.
ფინანსთა მინისტრისთვის კი ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე მთავრობის იდეის განხორციელება იქნება.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მამუკა ბახტაძის კაბინეტს მხარს არ დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს, მაღალ თანამდებობებზე შემთხვევით მოხვედრილები უწოდეს.
მინისტრობის ახალ კანდიდატებს მმართველ გუნდში არ იცნობენ. „კურიერის“ ინფორმაციით, პრემიერი ბახტაძე და საპარლამენტო გუნდი თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკურ ბლოკს ბახტაძე საკუთარი ხედვით დააკომპლექტებდა, დანარჩენ მინისტრებს კი არ შეცვლიდა.