„ივანიშვილმა, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობზე წარადგინა პირადი მზარეულები, პირადი სიზმართუხუცესები თუ პირადი მომვლელები,“ - ეს განცხადება, საქართველოს „ლეიბორისტული“ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ სამთავრობო ცვლილებების შესახებ გააკეთა.
გიორგი გუგავას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს, რომლებიც პრემიერ მინისტრმა დღეს წარუდგინა საზოგადოებას, ქვეყნისთვის არანაირი წვლილი არ მიუძღვით.
„ივანიშვილმა, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობზე, ანუ მთავრობაში წარადგინა პირადი მზარეულები, პირადი ბანკირები, პირადი სიზმართუხუცესები თუ პირადი მომვლელები. ალბათ, არაა შორი ის დრო, როდესაც ერთ-ერთი მინისტრის პოსტს მალე საკუთარ ზებრას ან პინგვინს შესთავაზებს, დაახლოებით ესეთი ფუნქცია გააჩნიათ დღევანდელი მთავრობის წევრებს, ისინი ემსახურებიან არა ქვეყანას, არა ხალხს, არამედ ივანიშვილს. მათ ერთი წვეთი ოფლი არ დაუღვრიათ ამ ქვეყნისათვის. კაციშვილმა არ იცის, საიდან მოდიან,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ხელისუფლების ნაბიჯებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს.
სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება პარტია "შენების მოძრაობის" ლიდერიც. დავით უსუფაშვილს კითხვები მინისტრობის კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით აქვს.