„მე მზად ვარ, ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, ფრაქცია საქართველოს პატრიოტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით,
სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ინიციატივების უმეტესობა არ მოითხოვს გრძელვადიან დანერგვის რეჟიმს. „პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია და ის ინიციატივები, რომლებიც მასში დაფიქსირებულია, მათი უმეტესობა არ მოითხოვს გრძელვადიან დანერგვის რეჟიმს. ბუნებრივია, ეს არ ეხება განათლების სექტორის რეფორმას, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. განათლება გახლავთ ის სფერო, სადაც საჭიროა გრძელვადიანი ხედვა. დანარჩენი რეფორმების ნაწილი უნდა დაინერგოს მიმდინარე წელს, ნაწილი - 2019 წელს. ჩვენი ამოცანაა, ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავუმკლავდეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში. ეს არის სიღარიბის შემცირება, ჭარბვალიანობა და რაც მთავარია, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ეროვნულ ეკონომიკაში,“ - განაცხადა ბახტაძემ.
იგი დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი გუნდი თავს გაართმევს დასახული რეფორმების იმპლემენტაციას.