მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებთან შეხვედრას უკვე პოლიტიკური ფრაქციების ფორმატში აგრძელებენ. პირველი შეხვედრა პატრიოტთა ალიანსთან გაიმართა.
პარტიის წევრებმა კითხვების დასმაზე უარი თქვეს და სანაცვლოდ მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს აქტუალურ საკითხებზე საკუთარი ხედვები თავად გააცნეს.
ირმა ინაშვილმა აჭარაში თურქული ზეგავლენის საფრთხეზე ისაუბრა და მთავრობის ახალ წევრებს სთხოვა ყურადღება ამ მიმართულებით გაამახვილონ.
რაც შეეხება ფრაქციის კიდევ ერთ წევრს, ადა მარშანიას, მან მამუკა ბახტაძეს უსაყვედურა, რომ თავისი პროგრამული გამოსვლა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხით არ დაიწყო.
„არ მესმის, როდესაც ქვეყანა არის ასეთ უმძიმეს ტერიტორიალურ წაგებაში, დამარცხებაში და იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ იწყებს თავის პროგრამულ გამოსვლას ქვეყნის წინაშე და პარლამენტის წინაშე ამ საკითხით,“ - მიმართა ადა მარშანიამ მამუკა ბახტაძეს.
პრემიერმა მარშანიას უპასუხა, რომ მისი ყოველი დილა იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო მთავრდება აფხაზეთზე ფიქრით.
ირმა ინაშვილმა კი მამუკა ბახტაძეს წინა ხელისუფლების დროს შეახსენა და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს იმსახურებს ოპოზიციისგან.
„ჩვენს შემდეგ ამ დარბაზში შემოვა ხალხი, რომელმაც სულხან მოლაშვილი აწამა. პირდაპირ ცოცხალი სულხან მოლაშვილი ამბობდა, რომ ბოკერიამ მაწამაო და ცოტა ხანში ეს ბოკერია აქ ისეთ კონცერტს ჩაატარებს, რომ ახია ქართულ ოცნებაზე. პირდაპირ გეუბნებით იმიტომ, რომ თქვენმა პოლიტიკამ - კოჰაბიტაციამ და ჩახუტებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს საგამოძიებო კომისია შექმნეს და მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია სამართლიანობის აღდგენაზე და არც ამ ხალხს არ ვაბლატავებთ კიდევ ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.