20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
განყოფილებაში გადაყვანის შემდგომ გაირკვა, რომ იყო ინტერპოლით ძებნილი - გახარია ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა

ეკონომიკური და ძალოვანი ბლოკის მინისტრების კანდიდატები დღეს ცალ-ცალკე იყვნენ ოპოზიციის კრიტიკის საგანი. მთავრობის ახალი შემადგენლობის საპარლამენტო განხილვა დასრულებულია.

კომიტეტებში ეკონომიკურ თემებზე დაძაბული დაპირისპირების შემდე ფრაქციებთან შეხვედრები ოპოზიციამ ძალოვანი უწყებების კრიტიკისთვის გამოიყენა.

ნაციონალურ მოძრაობას კითხვები შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ინტერპოლით ძებნილი პირის რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებასთან დაკავშირებით ჰქონდათ, როდესაც აღნიშნული მოქალაქე საპატრულო პოლიციამ მანამდე დააჯარიმა.

„ბატონმა გახარიამ 13 ივნისს რუსთაველის გამზირზე კარავში ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანი დააკავა და გვამცნო. რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანი სანამ დააკავებდა კარავში, სამი კვირით ადრე საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაჯარიმებული 500 ლარიანი ჯარიმით. რასთან გვაქვს შემთხვევა?“ - მიმართა ნიკა მელიამ გიორგი გახარიას.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, ნაციონალური მოძრაობის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს უპასუხა.

„განყოფილებაში გადაყვანის შემდგომ გაირკვა, რომ იყო ძებნილი, თუმცა, საპატრულო პოლიციის გაჩერების დროს გარკვეული სამართალდარღვევის აქტი გამოიწერა, რომელიც მან გადაიხადა და ამით თემა დაიხურა იმიტომ, რომ მაშინ იმ მომენტში საპატრულო პოლიციის ოფიცერს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხის დაზუსტება მოითხოვა ნიკა მელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ, როდესაც ინტერპოლით ძებნილი პირი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გაუშვა, პასუხისმგებლობა შსს-ს აქვს ასაღები. 

„პატრულმა ოფიცერმა როდესაც გააჩერა, მის მობილურ ბაზაში ინტერპოლის ძებნილი ბაზა არ იყო ინტეგრირებული, დღესაც არ არის, ამას ახლა ვასწორებთ, ამიტომ გაუშვა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები