პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა მწვავე კითხვების დასმის ფონზე წარიმართა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს, დაუსვეს კითხვა, თუ როგორ მოახერხა მან, რომ მთავრობაში დარჩენილიყო.
„ქალბატონო თეა, თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ რატომ უნდა გადადგეთ, თუ რატომ არ უნდა იყოთ მთავრობაში, ვიანიდან თქვენ მხოლოდ გაკრიტიკებთ ნაციონალური მოძრაობა. ასე მოვისმინე თქვენი განცხადება ორი დღის წინ. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ გაკრიტიკებთ უმრავლესობაც. ალბათ, მოისმინეთ უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები, რომ უკეთესი იქნება მათთვის, თუ თქვენ გარეთ იქნებით და გარედან უფრო გეხერხებათ კრიტიკული რჩევების მიცემა. თქვენ იცით ასევე ის მიმართვა, რომელიც გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ასევე, თუნდაც, სხვადასხვა რეიტინგები IRI-ის თუ NDI-ის მიერ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის კითხვის პასუხად თეა წულუკიანმა თინეიჯერობის პერიოდი და ის უსიამოვნო განცდები გაიხსენა, რომელიც რომან გოცირიძეს და მის თანამდებობაზე ყოფნას უკავშირდება.
„ამდენწლიანი პოლიტიკაში ყოფნის დროს ერთადერთი თქვენ არ გქონდათ ჩემთვის კითხვა დასმული და ეს დღეც დადგა ჩემს ცხოვრებაში. თქვენ რომ მაღალი თანამდებობის პირი იყავით ერთ-ერთ სფეროში, მე მაშინ ვიყავი ბავშვი, ახლა რომ თინეიჯერს ეძახიან, მოზარდი და ისე კარგად მახსოვს ის უბედური დრო, როდესაც თქვენ მაღალ თანამდებობაზე იყავით და ჩვენ გვქონდა, ასე ვთქვათ, უპერსპექტივო ბავშვობა და ახალგაზრდობა, მათ შორის, თქვენ მიერ გატარებული სხვადასხვა პოლიტიკის წყალობით და გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავს და ჩემს თაობას ვტიროდი, მათ შორის, ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ჩემი თაობის წარმომადგენელია და დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენ არ აღგვიძრავდით, სამწუხაროდ. მე მჯერა, რომ დღეს, როდესაც მე რომ იმ დროს ვიყავი, იმ წლის ბავშვები გვიყურებენ ტელევიზორში, ცოტა უფრო მეტი იმედიანი თვალები აქვთ, ცოტა უფრო მეტ იმედს უჩენს ჩემი გამოჩენა ტელევიზორში პატარა გოგონებს, რომლებისთვისაც მე ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ უფრო უკეთესი მომავალი ჰქონდეთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რომან გოცირიძემ თეა წულუკიანის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რა გააკეთა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა წინა 6 წლის განმავლობაში.
„იცით, ხომ ფილმი „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. არ სჯერა, ქალბატონო თეა, თქვენი ცრემლების და თქვენი, ასე ვთქვათ, მოგონებების და რაღაც ტანჯული პერიოდის ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ ძალიან კარგად დაინახა ამ 6 წლის განმავლობაში თქვენი საქმიანობის შედეგი საქართველოს მოსახლეობამ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.