მთავრობის წევრების შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან მწვავე შეკითხვებით მიმდინარეობს. ევროპული საქართველოს შეკითხვების მთავარი სამიზნე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეა.
საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა დაიწყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის განხილვით, სადაც გარდაცვლილი პირებიც არიან შეყვანილები.
ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ამ საკითხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჰქონდა. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს ასევე აინტერესებდათ, როგორ მოხვდნენ ამ სიაში გარდაცვლილი პირები.
„გარდაცვლილი ადამიანები ამ სიაში როგორ მოხვდნენ, მარტივად და გულწრფელად ამიხსნათ, შეცდომა იყო თუ შეგნებულად შეიყვანეთ გარდაცვლილი ხალხი.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძეს შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, უპასუხა და აღნიშნა, რომ შეცდომა არ ყოფილა დაშვებული, რადგან საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ამ პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვთ, რაზეც გახარიას სერგი კაპანაძემ უპასუხა.
„ანუ, გებელსი გარდაცვლილი რომ არის, ეს საკმარისი არ არის, ცნობა უნდა იყოს? თუ რას მეუბნებით,“ - განაცხადა კაპანაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მთავრობას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის კადრებიც წარუდგინეს და დაინტერესდნენ, არის თუ არა 5 ადამიანი იდენტიფიცირებული, რომელიც რაშიდ კანჯიოღლისთან ერთად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და კამერების თვალწინ გიგა ოთხოზორიას კლავენ.
სერგი კაპანაძის მიერ დასმულ შეკითხვას პრემიერმა მამუკა ბახტაძემ უპასუხა.
„საგამოძიებო ორგანოები აწარმოებენ მოკვლევას, რომ მოხდეს ყველას იდენტიფიცირება მოხდეს. როცა ბრალი წაეყენებათ, სიაში მოხვდებიან,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
5 ადამიანის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.