დღეს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კითხვები საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ვანო მაჭავარიანის, მისამართით დასვეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რატომ გადაწყვიტა ვანო მაჭავარიანმა კომერციული სექტორიდან პოლიტიკაში წასვლა.
„21 წელი მუშაობთ ჯეოსელში და ძალიან კარგად იცით ეს სისტემა. დარწმუნებული ვარ, ძალიან საპატივცემულო სპეციალისტი ხართ და იცით, სად რომელი ანძები განალაგოთ, როგორ განალაგოთ და თქვენ ხართ კომერციული დირექტორი, მაგრამ გქონიათ შეხება ქვეყნის მაკროფინანსებთან. უნდა დაასაბუთოთ, არის თუ არა თქვენი ცოდნა ან პოლიტიკური გამოცდილება იმის შესაფერისი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვანო მაჭავარიანმა ოპოზიციური პარტიის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამოცდილების არქონის მიუხედავად, ის შეძლებს რეფორმების გატარებას.
„მეორეჯერ მესმის დღეს თქვენგან ჩემი ბეგრაუნდი მიმართ გამოთქმული სკეპტიციზმი. მე აქ რომ ვზივარ ჰალსტუხით, ესეც საკმაოდ დისკომფორტს მიქმნის. არც წესიერად ვიცოდი, როგორ მომეგნო ეს ოთახი, მაგრამ ეს უნარი აკრეფადია, მაგრამ ის უნარი, რომ არ ავყვე პოპულიზმს და სოციალური წნეხის ქვეშ არ დავგეგმო და მერე არ დავხარჯო ბიუჯეტი, მაგრამ მეორე მხრივ, გავატარო ის რეფორმები, რაც მცირე მთავრობის კონცეფციაშია, დიგიტალიზაციის და ა.შ. კუთხით, ზუსტად ის, რომ არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, მე მგონია, რომ უფრო დამეხმარება. დღეს მიხსენეთ თქვენ, რომ ხადური იყო დოქტორი და თქვენ ხართ ბაკალავრიო და იმან ვერ ქნა და როგორ იზამო. მაშინ თქვენ უნდა იყოთ გენერალისიმუსი, რაა,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.