20 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ქალბატონ თეას აქვს თავისი პრინციპული პოზიცია - ბახტაძემ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატზე დასმულ კითხვებს უპასუხა

ევროპული საქართველოს წევრებმა პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს არაერთი შეკითხვა დაუსვეს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან, თეა წულუკიანთან, დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ დარჩა წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში.

ოპოზიციას აინტერესებდა, იზიარებს თუ არა პრემიერი თეა წულუკიანის მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ყოფილ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიმართ გამოთქმულ დადებით შეფასებებში.

„თქვენ წარადგენთ ადამიანს, რომლის პოზიციაც ქვეყანაში არსებულ სერიოზულ კრიზისზე, რომლის ფონზეც შეიცვალა ხელისუფლება, ფუნდამენტურად განსხვავდება თქვენი პოზიციისგან. განსხვავდება იმით, რომ ის არათუ გენპროკურორის გადადგომას არ მიიჩნევს სწორ ნაბიჯად, არამედ ამ საზოგადოებრივი პროტესტის, უსამართლობის განცდის, სისტემური ჩავარდნის, პრობლემების ფონზე, მას მადლობას უხდის. თქვენ მაინც გადაწყვიტეთ გააზრებულად, ამ პოზიციის გათვალისწინებით წარადგენთ იგივე იუსტიცის მინისტრობის კანდიდატს?“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს წევრის შეკითხვაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, მან თავად პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიიღო.

„ქალბატონ თეას აქვს თავისი პრინციპული პოზიცია და მას აქვს არგუმენტები, მან ეს ახსნა. ჩემი გუნდი მე შევარჩიე შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც კავშირშია იმ ძალიან ამბიციურ რეფორმათა პაკეტთან, რომელიც მე წარვადგინე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ,

ევროპული საქართველოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, თანამდებობიდან გადადგომას.

„მიგაჩნიათ თუ არა, რომ გენერალური პროკურორის გადადგომა იყო სწორი ნაბიჯი?“ - მიმართა ელენე ხოშტარიამ მამუკა ბახტაძეს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძემ დემოკრატიის მაღალ ხარისხთან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„გენერალურმა პროკურორმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამება დემოკრატიის მაღალ ხარისხს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები