„ხიშბა–სიგუას სიას“ არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს," - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის საპასუხო ქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, სიის შინაარსი და შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება მისი დამტკიცება, არის მეორეხარისხოვანი.
„ის, რა პოზიციასაც დააფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება, ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მას ექნება იურიდიული ძალა.
რაც შეეხება აფხაზეთის გარკვეული წარმომადგენლების კონტრრეაქციას, ეს არის ჰაერში გასროლილი სიტყვები, მას არანაირი ძალა არ აქვს. ეს იყო მხოლოდ მათი რეაქცია. მანამ, ვიდრე აფხაზეთი იქნება ოკუპირებული, აფხაზი ხალხის პოზიციები არის, სამწუხაროდ, დაკარგული და მას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს. ამ სიის შინაარსი და მათი შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება სიის დამტკიცება, მეორეხარისხოვანია. ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.