უკვე, დაახლოებით, 3 საათია, დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია - ქვეყნის პრემიერს და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება.
ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფცია და სამთავრობო გეგმა დეპუტატებს მამუკა ბახტაძემ ბოლო 3 კვირაში უკვე მეორედ წარუდგინა, რის შემდეგაც სხდომა ამ წუთებში უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
მამუკა ბახტაძე ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა საკუთარ პროგრამაზე, თუ როგორ ხედავს ქვეყნის განვითარებას. მამუკა ბახტაძემ ეკონომიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკა ინკლუზიური უნდა იყოს და რომ ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
„მე, ისევე როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება კონკრეტული იდეები, თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენ, როგორც ქვეყენამ, უპირველეს ყოვლისა, ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას, იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.