20 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ჭარბვალიანობა, განათლების სისტემა, ქვეყნის უსაფრთხოება - პარლამენტარები პრემიერს და მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავენ

რეგლამენტში შესატან ცვლილებები, ჭარბვალიანობა და განათლების სისტემის პრიორიტეტები - პარლამენტარების კითხვები მინისტრობის კანდიდატებთან და პრემიერთან ამ წუთებში სასესიო ფორმატში გრძელდება.

ევროპული საქართველოს წევრებს აინტერესებთ, არის თუ არა პრემიერის მოთხოვნა პარლამენტისადმი, რომ რეგლამენტში ჩაიწეროს, ფრაქციებს აღარ ჰქონდეთ უფლება, რომ მთავრობის წევრები დაიბარონ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას, აინტერესებდა, რა პოზიცია აქვს პრემიერს ლიბერალური ღირებულების ტელევიზიით გავრცელებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ, როგორც იცით, ტრადიციული ღირებულებების ქვეყანა და საკმაოდ სპონტანურად შემოდის გარკვეული ლიბერალური ღირებულების თემები. ძირითადად, ტელევიზიები დღეს და მასში მოწვეული რესპოდენტები განსაზღვრავენ, თუ რა არის დომინანტი ღირებულებათა სისტემა დღეს ქვეყანაში. როგორია თქვენი პოზიციონირება ამ თემის მიმართ?“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის, კითხვა ჭარბვალიანობას შეეხებოდა.

„ბატონო მამუკა, თქვენ, თითქმის, ყველა გამოსვლაში ახსენებთ ჭარბვალიანობას და საუბრობთ გარკბეული მუქარით, აი, ჭარბვალიანობა, თითქოსდა, თქვენ დაგრჩათ მემკვიდრეობით და ეს მემკვიდრეები გაუგებარია, ვინ არიან, ოპოზიცია არის? საიდან გაჩნდა ჭარბი ვალი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, ასევე მოუწოდა მამუკა ბახტაძეს, რომ ჭარბვალიანობის დაძლევასთან დაკავშირებული ინიციატივა კიდევ ერთხელ განმარტოს.

ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, კი განათლების მინისტრობის კანდიდატს მიმართავს, რომ დაასახელოს სამი პრიორიტეტი, რომელსაც უახლოეს მომავალში განახორციელებს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რა პრიორიტეტები გამოყო მან განათლების კუთხით. ამიტომ მინდა, რომ გამოყოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც უახლოეს მომავალში განახორციელებს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, კითხვაც განათლების რეფორმას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ მინისტრობის კანდიდატს განათლების რეფორმაზე კონკრეტულად არ უსაუბრია.

გიგა ბოკერიამ პრემიერს მიმართა და მოუწოდა, დაეზუსტებინა, ხომ არ გეგმავს, სუს-ი და კონტრდაზვერვა აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუმორჩილოს.

„იმ მძიმე ჩავარდნების ფონზე, რომელიც ქვეყნაში იყო ბოლო პერიოდში უსაფრთხოების სექტორში, თქვენ, როგორც პრემიერმინისტრს, ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ დააყენოთ საკითხი, რომ სუს-ი, კონტრდაზვერვა დაუბრუნდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას ნორმალურ ფარგლებში და თქვენ გემორჩილებოდეთ თქვენ. მომხრე ხართ თუ არა იმის, რომ სუს-ი გემორჩილებოდეთ თქვენ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები