20 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ბრალდება ხელისუფლებას - გრატიაშვილის მტკიცებით, ენმ-ის შემომწირველებზე ჩვენების არმიცემის გამო, მას ბიზნესი წაართვეს

ბიზნესმენი აკაკი გრატიაშვილი ამტკიცებს, რომ ძალოვნები მას "ნაციონალურ მოძრაობის" შემომწირველებზე ინფორმაციას და ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი ბიზნესი წაართვეს.

აკაკი გრატიაშვილი 5 წელია, საკუთარი ბიზნესის უკან დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს. ღვინის ქარხანა "სამებაში," სადაც ის სპირტის გამოსახდელ ხაზს ფლობდა, თითქმის, არაფერი დარჩა. ტერიტორიიდან გატანილია ყველა დანადგარი, ბიზნესმენს კი ეზოში შესვლის უფლებასაც არ აძლევენ.

 ქარხნის ეზოს კარი არც "კურიერისთვის" გახსნილა. ზედამხედველი გია გორელაშვილი "რუსთავი 2"-ის დანახვამ გააღიზიანა. ის მაშინაც ქარხნის თანამშრომელი იყო, როდესაც წლების წინ აქ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა დააკავეს. გორელაშვილი სერგო თეთრაძის საქმეზე ერთ-ერთი გასამართლებული პირია. გია გორელაშვილმა საპატიმრო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა.

ბიზნესმენი აკაკი გრატიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მისთვის ბიზნესის წართმევით იყვნენ დაკავებულები რაშიც სამართალდამცველებიც ეხმარებოდნენ.

საგარეჯოში ჩასულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფთან მუნიციპალიტეტის მერი არ გამოჩენილა, სატელეფონო კომენტარში კი ბრალდება უარყო

ბიზნესმენი ეჭვობს, რომ მას "ქართული ოცნების" ხელისუფლება მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ყოფილი ხელისუფლების დამფინანსებლების შესახებ ჩვენებები ფინანსურ პოლიციას არ მისცა. ზეწოლისთვის ბოლოს მისი მეუღლე გამოიყენეს, რომელიც მძიმე ავადმყოფია.

ბიზნესმენი ყვება, რომ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ იცოდა ღვინის ქარხანა "სამების" ერთ-ერთმა მფლობელმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ. აკაკი გრატიაშვილი აცხადებს, რომ მრეწველთა პარტიის თავმჯდომარეს ის რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდა.

ტყემალაძე აცხადებს, რომ გრატიაშვილის საქმეზე ინფორმირებულია, თუმცა რატომ არ უბრუნებენ წართმეულ ბიზნესს ბიზნესმენს, გამოძიების პრეროგატივაა.

ოპოზიცია, რომელიც დაზარალებული ბიზნესმენის საქმეს კარგად იცნობს, სისტემური დანაშაულის შესახებ საუბრობს.

აკაკი გრატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ "კურიერის" ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო დააკავონ. ქურდობის ბრალდებით პოლიციამ ბიზნესმენის დაპატიმრება ცოტა ხნის წინ სცადა. საგარეჯოში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გრატიაშვილს გაჩერებული მანქანიდან ჯერ ფული და ტელეფონი მოპარეს, თუმცა ქურდობისთვის ბრალი მას წაუყენეს. მტკიცებულებების არარსებობს გამო, ბიზნესმენი მალავე გაათავისუფლეს.

 

 

 

დღის ამბები