„კურიოზი მართლა ის არის, რომ მარგველაშვილი გახდა ამ ქვეყნის პრეზიდენტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, საპასუხოდ გააკეთა.
დღეს გიორგი მარგველაშვილმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს“.
დავით ჭიჭინაძემ გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის მსგავსი პრეზიდენტის ყოლას, მმართველ გუნდს ურჩევია, არ ჰყავდეს საერთოდ პრეზიდენტობის კანდიდატი.
„კურიოზი მართლა ის არის, რომ მარგველაშვილი გახდა ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ასეთი პრეზიდენტის ყოლას სჯობს, საერთოდ არ ჰყავდეს ქართულ ოცნებას კანდიდატი, ხალხს ნაკლებად გააღიზიანებს. პიროვნებაზეა დამოკიდებული, რის კადრების უფლებას მისცემს თავს და რის კადრების არა. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მე მახსოვს, რომ პლასტელინი ვიქნებიო, ადამიანმა საკუთარ თავს პლასტელინი არ უნდა უწოდოს. ნამდვილად კურიოზია იმიტომ, რომ პლასტელინი არ უნდა აგვერჩია,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.