ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს ახალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ, სამთავრობო პროგრამა ყოფილი პრემიერისგან, გიორგი კვირიკაშვილისგან, გადმოიწერა. მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის ტექსტი კვირიკაშვილის სამთავრობო პროგრამიდან არის გადმოტანილი.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა განმარტებები პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან, მამუკა ბახტაძისგან, მოითხოვეს.
ბახტაძის თქმით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა ახალი პროგრამის ნაწილია, შესაბამისად, ბევრი კომპონენტი ახალ დოკუმენტშიც მეორდება.
„ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი საიდუმლო მინდა, გაგაცნოთ, რომ მე ისევე, როგორც გიორგი კვირიკაშვილი, იყო მმართველი ძალის, ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრემიერმინისტრი. როდესაც პროგრამა წარმოვადგინეთ, მე განვაცხადე, რომ ის ოთხპუნქტიანი გეგმა და რითაც ქართულმა ოცნებამ 2016 წელს გაიმარჯვა, არის ახალი პროგრამის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს არის თავსებადი. იქ არის ბევრი კომპონენტი, რომლიც მეორდება და აუცილებლად განმეორდება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ერთი და იგივე ტექსტთან დაკავშირებით განმარტებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებით, პროგრამა ოთხწლიანია და შესაბამისად, ის ახალი პრემიერის პროგრამაშიც განმეორებული იქნება.
„ეს პროგრამა არის 4-წლიანი, 2016-2020 წლები. ბუნებრივია, რომ ამ პროგრამის ერთი ნაწილი სწორედაც რომ გამეორებული იქნება 2020 წლამდე, სანამ ის არ ამოიწურება და არ იქნება შესრულებული,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროგრამაში შეიძლება, დამატებული იყოს ახალი პრემიერის ხედვები.
„საუბარი არ არის დამთხვევაზე, საუბარია იმაზე, რომ ის ოთხპუნქტიანი გეგმა უნდა შესრულდეს, უბრალოდ ახალი პრემიერის ხედვაში შეიძლება, იყოს გარკვეული კომპონენტები დამატებით და ეს აღნიშნა მან,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნება-რეგიონების განვითარების წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.