20 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ვფიქრობ, ეს არ არის სერიოზული შეფასება - მარგველაშვილის განცხადებებს უმრავლესობისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა

"ქართულ  ოცნებაში არიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პრეზიდენტის შესახებ საუბრისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებს პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს და შექმნილ ვითარებას "პოლიტიკური კურიოზი" უწოდა.

„მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს არ არის სერიოზული შეფასება. ქართული ოცნება არის მმართველი პოლიტიკური ძალა. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, დაასახელოთ რამდენიმე ლიდერი ჩვენი პარტიისგან, რომელიც ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს ნებისმიერ არჩევნებში. ჩვენ გვაქვს შიდა კონსულტაციები და როგორც ეს დადგენილია შესაბამისი კანონმდებლობით, ჩვენ აუცილებლად ვიტყვით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ქართულ ოცნებაში არიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ პრეზიდენტი მმართველი გუნდის კინკლაობაში გამოწვევას ცდილობს.

„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ. ის თავად არ აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ წარვადგენთ საკუთარ კანდიდატს. ეს არის ღიმილის მომგვრელი და ეს არის მარტივი სპეკულაციები. ასეთ კინკლაობაში, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ და მოვუწოდებთ პრეზიდენტსაც, ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები