„მე მინდა უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ“ - ასე დაიწყო საკუთარი კითხვა მთავარი პროკურორობის კანდიდატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა თადუმაძეს სთხოვა, მითქმა-მოთქმის თავიდან აცილების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზევე ეთქვა, თუ რა ხარისხის განათლება და სად ჰქონდა მიღებული. თადუმაძის განცხადებით, ის ამ კითხვას არც უპასუხებდა მისი ავტორი ენძელა მაჭავარიანი რომ არ იყოს.
„მე დავამთავრე 1994-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ლეგალურად, კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და მივიღე ის განათლების დამდასტურებელი დოკუმენტები, რა დოკუმენტებსაც გასცემდა ეს უმაღლესი სასწავლებელი. ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, როგორც ადვოკატი.
"ამ დიპლომით შევძელი 6 წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მთავრობის ნაწილში და 6 წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში, რომელსაც პირადად მე ვწერდი ან პირადად მე ვიღებდი მონაწილეობას,“- განაცხადა თადუმაძემ.