„მთავარი არის, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს სწორად დაცული და გამოყენებული. მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რამდენად იყო სწორად დაცული და გამოყენებული,“ - ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას გააკეთა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, უსაფრთხოების ზომებისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა უნდა იყოს შახტში და ასევე, უნდა გამოიყენონ სამუშაო პროცესში.
„წინა უბედური შემთხვევის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლეთ და იქ გამოკვეთილი იყო ასეთი სურათი, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობდა, უსაფრთხოების სამართავი პროტოკოლები არსებობდა და იყო ადამიანური ფაქტორი. მთავარი არის, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს სწორად დაცული და გამოყენებული. მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რამდენად იყო სწორად დაცული და გამოყენებული,“ - განაცხადა მინისტრმა.
დავით სერგეენკოს თქმით, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების დაცვა სამუშაო გარემოში. სერგეენკო პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის მიხედვითაც, მინდელის შახტი დაიხურა.
„საკუთრივ კომპანიების მენეჯმენტმა უნდა დაიცვან ის კანონები, წესები და რეგულაციები, იმიტომ, რომ სხვა მხრივ, არაფერს უბრალოდ, აზრი არ აქვს. ის, რაც მოხდა არის უბრალოდ წარმოუდგენელი ტრაგედია და, რა თქმა უნდა, სწორია, რომ დახურა ეს შახტი საერთოდ და უნდა იყოს ფუნდამენტურად გადახედილი იქაური უსაფრთხოება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დღეს მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ვერსიით, ტრაგედია ერთ-ერთ შახტში მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.
5 აპრილს მინდელის შახტის იმავე უბანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბა სამმხრივი კომისია, რომლის შემადგენლობაში მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პროფკავშირების და შახტის ხელმძღვანელი კომპანიის წარმომადგნელებიც არიან. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შახტის უსაფრთხოების სტანდარტებს სისტემატურად შეამოწმებენ.
დავით სერგეენკოს თქმით, შემოწმების შემდეგ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექტირების წარმომადგენლები ახლა მუშაობენ მინდელის შახტში და სავარაუდო გადაცდომების შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.