დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა - ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმედოვნებენ, რომ ორ პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე ყველა აქტუალურ საკითხზე იქნება საუბარი.
ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმედოვნებს აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან კიდევ ერთხელ დაფიქსიროს, რომ საქართველოს და უკრაინას მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ.
„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ის, რომ ყირიმი არის ოკუპირებული, არასტაბილური სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, მე წინა კვირას დავბრუნდი საქართველოდან და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ სოლიდარობა და ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა,“ - განაცხადა დიდიე რეინდერსმა.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე ტრამპმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
„პრეზიდენტ ტრამპს გააჩნია კარგი შანსი, აქცენტი გააკეთოს იმ მთავარ პრინციპებზე და შეთანხმებებზე, რასაც ნატო-ს ქვეყნების ლიდერებმა მიაღწიეს გასულ კვირას ბრიუსელში და იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი იქნება თანამიმდევრული. ყველა აქტუალური საკითხი უნდა განიხილონ,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.