ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტსა და შემოდგომაზე დაგეგმილი სამიტის მომზადებაზე მსჯელობენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლიდერები განიხილავენ მომდევნო 4 წლიან გეგმასაც, რომელიც პროგრამის მონაწილე ქვეყნებმა უნდა შეასრულონ. თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები ჰელსინკის სამიტზეც გაკეთდა.
ლიდერები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების დროს საქართველოსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელების საბჭოზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი.
მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ საქართველომ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით დემოკრატიული რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ოქტომბერში გაიმართება.
„ვამზადებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. დღეს ამ თემაზე და ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერაზე ვისაუბრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, და ის სამუშაო, რაც სრულდება ამ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, არამედ ჩვენთვის, ევროკავშირისთვისაც,“ - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ჰამაჩეკი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირიდან მხარდაჭერა ექნება.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის თქმით, საქართველომ ყურადღება არ უნდა მოადუნოს და რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
„შევთანხმდით რომ უნდა იყოს დიფერენციაცია, პრინციპით - მეტი მეტისთვის. არის პროექტები, სადაც ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა, მაგრამ არის ორმხრივი ურთიერთობებიც. საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, მაგრამ მარტივია იყო წარმატებული, როცა ბევრი კონკურენტი არ გყავს, ამიტომაც ყურადღება არ უნდა მოადუნოთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, უნდა გააგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების გატარება, ბალანსი უნდა იყოს სისტემაში და დიალოგი ოპოზიციასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი აქ იქნება გათვალისწინებული, ეს იციან ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში მათ დავეხმაროთ,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.