გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
კანდიდატურის დასახელებამდე გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები გამართა.
„ერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი ქართული ოცნების მიერ, რომელიც არის ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. ოპოზიციას, მე გამოვხატე ეს გაკვირვებაც, არ წარმოუდგენია ჩემთვის ალტერნატიული კანდიდატურა, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე. ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომლის უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში. მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ქართული ოცნების მიერ დასახელებული იყო თორნიკე რიჟვაძის, ექვსი პოლიტიკური პარტიის მიერ - არმაზ ახვლედიანის და სახალხო-საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ - გოჩა გუგუნავას კანდიდატურები.