დავით ჭიჭინაძე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. ამ განცხადებით მმართველი გუნდის წევრი პროკურატურაში ალავიძე-ქუმსიშვილის დაკითხვას გამოეხმაურა. მისი თქმით აუცილებელია რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობა შეფასდეს და ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს და ყოფილ ვიცე-პრემიერს.
„მითქმა-მოთქმა დიდი ხანი არსებობდა ტენდერებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვები იყო და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ლეგიტიმურია ამ გამოძიების დაწყება. როცა გადადგები შენი მოღვაწეობა უნდა შეფასდეს ყველა კუთხით - დადებითად, უარყოფითად. ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დატოვებს თანამდებობას მე ვფიქრობ ესეთი კომისიაც უნდა იყოს, რომელიც ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პოლიტიკური ფიგურის განვლილ გზას პოლიტიკაში შეისწავლის. იმიტომ რომ თეთრი ლაქები და შავი ლაქები არ უნდა არსებობდეს,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება სოზარ სუბარიც. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში დარწმუნებულია, რომ კითხვები, რომელიც ალავიძის და ქუმსიშვილის მიმართ არსებობს პასუხგაცემული იქნება.
„ჩვენ ვმუშაობდით ერთად. წლების განმავლობაში ვაკეთებდით ერთ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს საქმეები იყო ქვეყნისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის სასიკეთო. თუმცა რა თქმა უნდა არ გამოირიცხება, რომ ასეთ დროს იყოს გარკვეული კითხვები გაჩნდეს და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რა თქმა უნდა ყველას მოვალეობაა და იმისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები და საგამოძიებო ორგანოები, რომ კითხვები დასვან. როდესაც 20 დღის წინ დაიბარეს ადამიანები გამოკითხვაზე, ეს არ არის 21 დღის წინ დაწყებული საქმეები. სავარაუდოდ ეს კითხვები არსებობდა დიდი ხანია, მიდიოდა მუშაობა. ამ კითხვებზე ვის ბრალეულობა გამოიკვეთება, გამოიკვეთება თუ არა საერთოდ ვინმეს ბრალეულობა ამას გამოძიება დაადგენს,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.