20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
შეურაცხმყოფელი განცხადება - დავით ჭიჭინაძის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა გედევან ფოფხაძეს აკრიტიკებს

პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განცხადებებს აკეთებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ნაწყენები არიან იმ განცხადებების გამო, რაც ჭიჭინაძემ მათი და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მისამართით გააკეთა. მათი შეფასებით, დავით ჭიჭინაძის გამონათქვამები შეურაცხმყოფელი იყო.

დავით ჭიჭინაძის განცხადების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მათ თანაგუნდელის, გედევან ფოფხაძის კომენტარსაც შეურაცხმყოფელს უწოდებენ. ფოფხაძემ ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ თქვა, რომ შეუძლიათ, პარტიას, „ქართული ოცნების“ ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვან.

„ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოუკიდებლების მიღმა არსებობს კიდევ ინტერესი, რასაც ჰქვია მმართველი გუნდის სტაბილურობა, ეს არ ეხება მარტო „ქართულ ოცნებას.“ დავით ჭიჭინაძე დაუპირისპირდა ჩვენი გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ. მე მგონი, გედევან ფოფხაძემ გადააჭარბა თავის ემოციურ გამონათქვამებში, სერიოზულად გადააჭარბა. მე არ ვთვლი თავს იმის ღირსად, რომ გედი ფოფხაძემ ასე შეაფასოს, სიღრმისეულად არ განიხილოს სიტუაცია და ასეთი გამონათქვამები გააკეთოს. მე ვფიქრობ, ამ საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება არის სუბიექტური, მას თავის სიმართლე აქვს და ამ სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს მისი სემდგომი ნაბიჯები,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ პარტიას შინაგანაწესი აქვს, რომლის დაცვა გუნდის წევრების მხრიდან აუცილებელია.

„ნებისმიერ განვითარებულ დასავლურ პარტიას ამერიკა იქნება, ევროკავშირის წევრი თუ სხვა ქვეყნები, ყველა პარტიას აქვს თავისი შიდა განაწესი და პარტიული დისციპლინა. დავით ჭიჭინაძე, სამწუხაროდ, პარტიულ დისციპლინას არღვევდა და არაერთხელ მიაყენა ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, რაც ვფიქრობ, არის ცუდი. ასე არ უნდა იქცეოდეს პარტია „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი. თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არის კომკავშირი, თუ ჩავთვლიდი მე, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, მე „ქართულ ოცნებაში“ ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, რომ გედევან ფოფხაძის ეს განცხადება იყო შეურაცხყოფა მთლიანად პარტიისთვის,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ დავით ჭიჭინაძე და პარტია „ართულ ოცნებას“ შორის პოლიტიკური გაყრა გარდაუვალი იყო.

„როცა გუნდის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდიხარ, მაშინ რჩება ორი ვარიანტი - ან თვითონ მიდიხარ, ან გიშვებენ. ეს ასეც მოხდა. პოლიტიკური გაყრა გარდაუვალი იყო. ეს არ გაუკვირდა არავის, არც პარტიას, არც თვითონ ჭიჭინაძეს და არც მე გამკვირვებია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები